მოგონებები ჩემი ბავშობიდან....
37, Tbilisi, Грузија

………………

ერთ საღამოს გადავწყვიტე ჟორა ბაბუას ყანაში გავყოლოდი მეორე დილით... იმ საღამოს სახლშიც ადრე მივედი, რამაც მთელს ჩემს ოჯახში გაკვირვება გამოიწვია. მაგას მოყვა კითხვები: ხომ ხარ ნენა კარგად?? რაიზა მოი ასე ადრე?? მიდღემჩი არ მოსულხარ ასე ადრიანად. ვინმემ ხომ არ გეჩხუბა? დეიღალე ბებია შენც. გამეიყვლიპე მთლად, დაწეი დეისვენე ბაღანამ ცოტა ადრე არ შეიძლება?? კითხვების კორიანტელი დამაყარა ნორიკომაც..
თომოვიჩმა კაი მოზრდილი თოხი გაამზადა, დილით მზის ამოსვლას ყანაში უნდა შეხვდეს და რაც შეიძლება ქერეთო მზეი სანამ დააჭერს მანამ უნდა მოასწროს საქმის მოსწრება.
- ბაბუა მეც წამოვალ ხვალ დილით შენთან ერთად. -მივაძახე მე. რაც ცოტა მოულოდნელი გახდა ბაბუაჩემისთვის, მაგრამ მის თვალებში სიხარულის შუქი ელავდა.
დილით ექვსის ნახევარიც არ იყო, რომ შემოვიდა ბაბუაჩემი ჩემს ოთახში და გამაღვიძა.
- წამოხვალ თუ დარჩები??
- არა მოვდივარ. ისე მივაძახე თითქოს და ველოდებოდი მის ხმას და წამოვჯექი ლოგინზე, ტანსაცმელიც უცებ ჩავიცვი, ეზოში ჩავირბინე, მსხლის ძირში სკამეიკაზე დავჯექი, ძილ-ბურანში მყოფს თვალი გამიშტერდა და ბაბუაჩემს ვაკვირდებოდი, თუ რას აკეთებდა. ბაბუაჩემმა ცოტა მომცრო ზომის თოხი ჩემთვის გაამზადა, თეთრი ნაჭრის ჩანთა აიღო, შიგნით ბებიაჩემის გამზადებული საგზალი ჩაალაგა, შემდეგ სახელურებში ნაჯახის ტარი გაუყარა და მხარზე მოიდვა. გზაზე, რომ ჩავედით ერთი გაჩერება ბერძნის წყაროზე გავჩერდით (ეს წყარო ბერძნების აშენებულია 1869 წელს, ამიტომაც ეძახიან იმ ადგილს ბერძნისწყაროს), წყალი ავავსეთ და გავნაგრძეთ გზა.
ჩვენი ყანა სოფელ კოხნარში, მდინარე ხევისწყალას პირას აბანოების გვერდით იყო. მალე გავიარეთ ყანამდე მიმავალი გზა, მდინარის პირას შევჩერდით, შარვლები ავიკეცეთ და წყალში გავიარეთ. აკაციას რეიკებით შეჭედილი ჭიშკარი რამდენიმე ადგილას სინით იყო ჩაკეტილი, ეს სინები ისე მალე მოვხსენი ვითომ და ერთი სული მქონდა როის შევუდგებოდი თოხნას.. მე და ბაბუაჩემი ერთმანეთთან დისტანციით დავდექით და შევუდექით თოხნას. ბაბუაჩემი იქედან ცალი თვალით თან ჩემს მუშაობას უყურებდა და თან თვითონ მიყვებოდა სიმინდის კვალს. რამდენიმე ღერი, რომ არასწორად მოვჭერი შემდეგ მომაძახა:
- ბაბუა ცოტა შორიდან მოდეი მაი თოხი, შემოაყარე თან და სუსტი რომელიცაა გამოუჭერი. ისე ადვილად იძახდა ვითონ ერთი თქმით მაგის გამკეთებელი ვიყავი.
- ერთი ბიძაჩემთან წავედი სტუმრად, პატარა ვიყაი, ბიცოლა მყავდა ცოტა ქოფაკი ქალი, რომ დაღამდებოდა მომაძახებდა, ჟორა არ მიხვალ სახლში დაღამდა და მერე დაგეზარება წასვლა. -დაიწყო თავისი ამების მოყოლა ბაბუაჩემმა, მეც დიდი სიამოვნებით ვუსმენდი ხოლმე. ერთხელ დავრჩი მაგენთან სახლში, ღამე მარტო დამაწვინეს ოთახში, -აგრძელებდა ბაბუაჩემი. ხის სახლი ქონდათ, მთელი ღამე ჩემს ფანჯარასთან რაღაცა უკაკუნებდა, დროდადრო ჩერდებოდა, შემდეგ ისევ გააგრძელებდა რაკუნს. მთელი ღამე არ მიძინია. -მეუბნებოდა ბაბუაჩემი. დილით, რომ ავდექი ვნახე ჩემს ფანჯარასთან ცხენის უნაგირი იყო ჩამოკიდებული, ქარი აქანავებდა და ურაკუნებდა, მე შიშით კი არ მიძინია მთელი ღამე..
- მე გამეცინა, თან წარმოვიდგინე როგორ შეეშინდებოდა, ეხლაც მთელი განცდით მიყვებოდა.
ნელ-ნელა მზემაც ამოანათა, ბაბუაჩემი ნელი სვლით მიყვებოდა ყანის რიადებს და შეძლებისდაგვარად მეც მივსდევდი უკან.
- ცოტახანი დავისვენოთ და საჭმელი ვჭამოთ. მომაძახა ბაბუაჩემმა.
იქვე აკაციის ხის ძირში თენგიზა ბაბუას ყანის გასაყარში ჩანთიდან ტილოში გადახვეული ჭადი ამოვიღეთ, რომელიც კიდე თბილი იყო, ცელოფანში გადახვეული ყველი, შემწვარი კარტოფილი, კიტრი-პამიდორი და ახლად გაკეტებული ჭყინტი ლობიო ბანკიდან ჯამზე გადმოვყარეთ. ერთი ორლიტრიანი ბოთლით შავი ღვინოც ამოვიღეთ და საჭმლის ჭამას შევუდექით.
- ხომ არ დეიღალე ბაბუა? კმაყოფილი სახით მკითხა.
- არა რა დამღლიდა? კითხვითვე დავუბრუნე პასუხი.
ძალიან იშვიათად თუ შეჭამთ ასე გემრიელად საჭმელს, რაღაც განსაკუთრებულად გემრიელი იყო იქ მიღებული საკვები. რამდენიმე ჭიქა შავი ღვინოც მივირთვით, ცოტა ცხელ ჭადს შეეთბო მაგრამ მაინც გემრიელად დავლიეთ.
ამ დროს ვიღაც უცხო ხანში შესულმა მამაკაცმა მოგვესალმა ყანის გარედან.
- შეგარგოთ ღმერთმა. მოგვაძახა უცხო მამაკაცმა.
- გეიხარე, გეიხარე.. შემოი ეზოში ბატონო, მიაძახა ბაბუაჩემმა. მაგერაა ჭიშკარი და შემოი ჩამოჯექი ცოტახანი.
- არა მეჩქარება, ნაკადულში მივდივარ ახლობელთან.
- მეიწი კაცო ცოტახანს. ხმას მოუმატა ბაბუაჩემმა.
სტუმარიც შემოგვიერთდა და ჩვენც ჭიქით ღვინო მივაწოდეთ.
- თქვენ ადგილობრივი ბრძანდებით ბატონო?? გვკითხა შემოსწრებულმა მამაკაცმა.
- არა გვერდით სოფლიდან ვარ ქვაყუდედან. უპასუხა ბაბუაჩემმა.
- შეიძლება არ გახსოვდეს, მარა განაგონი გექნება თომა შანიძე მაგ სოფელში? კითხა ბაბუაჩემს.
- თომა შანიძის ხსენებაზე მე და ბაბუაჩემმა ერთმანეთს გადავხედეთ, რადგან ბაბუაჩემის მამაზე იყო საუბარი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ქერჩში დაიღუპა, მეტი ოჯახმა არაფერი იცოდა მის შესახებ.
- რავა არ გამიგონია ბატონო, თქვენ საიდან იცნობდით თომა შანიძეს?? კითხვა დაუბრუნა ბაბუაჩემმა.
- მეორე მსოფლიო ომის დროს ჩვენ ერთად ვიბროდით, ერთ დღეს დილით, რომ გაიღვიძა მითხრა ცუდი სიზმარი ვნახე და ბანაკიდან ნუ გახვალო, მეც სიცილით ვუთხარი, შენ თუ ნახე ცუდი სიზმარი მე რაიზა არ გევიდე გარეთთქვა. არა ნუ გახვალო მითხრა. იარაღი აიღო და ბანაკის წინ გზას გაუდგა, თვალი არ მომიშორებია, რატომ იქცევა ეს კაცი ასეთქო. რამდენიმე მეტრი გაიარა და ძლიერი აფეთქების ხმა გავიგე. მასთან მივედი, რომელიც უსულოდ ეგდო მიწაზე, ქამარი და პერანგის ღილები შევუხსენი და ჩემი ხელით მივაბარე იქაურ მიწას. მის მერე მინდა ვნახო მისი ოჯახი, და ვერა და ვერ მოვახერხე. ამბის მოყოლა დაამთავრა და რამდენიმე კურცხალიც ჩამოუვარდა თვალიდან.
მე ყველაფერი თვალ წინ დამიდგა, მერე ბაბუაჩემის ცრემლიან თვალებს გავხედე, რომელმაც ცრემლები ვერ შეიკავა და პატარა ბავშვივით ატირდა. იმ კაცმა, რომ გაიგო, რომ ეს თომა შანიძის შვილი იყო ბაბუაცემს გადაეხვია და უთხრა:
- ვაჯკაცი მამა გყავდა და მაპატიე, რომ ამდენი ხანი ვერ მოვედი თქვენამდე, რომ ეს ამბავი მე თვითონ მეამბო თქვენთვისო.
ეს კაცი მალევე წავიდა, ბაბუაჩემმა თხოვა, რომ ცოტახნით გაჩერებულიყო, რაიმე კიდევ ეამბო მისთვის, ის უცხო სტუმარი არ გაჩერდა და წავიდა. მე და ბაბუაჩემიც კარგახანს ჩაფიქრებული ვიჯექით ხის ძირას ჩეროში. მერე მე გამომხედა და მითხრა:
- წავიდეთ ბაბუა სახლში და მერე გამოვალ მე და გავაგრძელებ ყანის თოხნას. სევდანარევი ხმით მითხრა და თოხის გაწმენდა დაიწყო. მეც ჩავალაგე ჩანთა და დადარდიანებულებმა, მაგრამ ამაყებმა წავედით სახლისაკენ.....

143 views
 
Коментари
cisiaa 22.06.2017

გიორგი კეკელიძის "გურულ დღიურებს" მოუხდებოდა ეს ისტორია..

ssissi 02.06.2017

თუ თქვენი შემოქმედებაა, მინდა გითხრათ რომ საინტერესოდ წერთ. კარგიაა

გიო გიო 28.04.2018

Ragaceebs vwer tavisufal dros... grmad moxucebuloba tu megirsa sxva tu ara mec siamovnebit wavikitxav.. Leqsebsac vwer da patara broshurasavit davbechdav mere...

Blog
Blogs are being updated every 5 minutes