არაესთეტიური იმპროვიზაციები (3)
58, Tbilisi, Грузија

  რატომ ვწერ?! ალბათ, იმიტომ, რომ მსურს საკუთარი შეხედულებები ფურცელზე გადავიტანო. მსურს, სამყაროსა და რეალობაზე საკუთარი მსოფლმხედველობრივი კონცეფცია შევქმნა. ეს, ხანდახან სასარგებლოა. ამ ბოლო დროს, იმდენად გულმავიწყი გავხდი, რომ ხშირად, ხელახლა მიწევს იმ ელემენტარული ჭეშმარიტებების აღმოჩენა რაც ოცი წლის წინაც კი, ცასავით ნათელი იყო. 
და, ვის სჭირდება, ჩემი ნაწერები?! უპირველეს ყოვლისა ისევ, მე! რადგანაც მსურს დავრწმუნდე, დროთა განმავლობაში, რას განიცდიან ჩემი შეხედულებები - პროგრესს, თუ დეკადანსს. და, რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავთან დიალოგით, მე საკუთარ თავს უსასრულობიდან ვძერწავ. ეს, დაუსრულებელი პროცესია. ყოველ შემთხვევაში, ის გაგრძელდება მანამ, სანამ პირში სული მიდგას; 

ადამიანი, მინდორში ეულად მდგარ ხეს გავს. ავდარში, უეცრად, ზეციდან დატეხილი მეხი, ოდესღაც რომ წააქცევს.... 

ისევ წარბშეუხრელად ვაგრძელებ ჩემს მონოლოგს უსასრულობასთან, თან დამკვირვებლის ცივი გონებით ვინიშნავ დედამიწის უცნაურობებს. მე ხომ შემდგომ, მოგზაურის სხვა გზები მელის; 

არიან ხეები, რომელთა უმრავლესობა ზამთარში კვდებიან. არიან ხეები, რომელთა უმცირესობა ზამთარშიც მწვანეა. და, მიუხედავად ყველაფრისა, და მიუხედავად წელიწადის სეზონთა უკიდეგანო რიგისა, ბოლოს, ყველა ხე ყვითლდება და კვდება; 

”მე ვიცი, ის რომ არაფერი არ ვიცი” სოკრატე. მე, კი ვიცი ის, რომ არც არავის სცოდნია არაფერი და არც სამარადჟამოდ ეცოდინება... სამწუხაროდ, ეს უჭკნობი უცოდინარობა ჩვენი ბედისწერაა! 

მე, ის გზა ვარ, რომელიც არ იკვეთება! ამ ფრაზაში, აქცენტები, ჭეშმარიტად სრულყოფილი სიმეტრიით არის დასმული; 

სამყაროში, არ დაბადებულა არც ერთი ”უთქმელი”, თუ სახელდებული მოვლენა, ან ”შემთხვევა” რომელსაც არ დაუსვამდი შეკითხვას - რატომ? აი, ხომ ხედავთ, წინ, ისევ, ეს აკვიატებული კითხვა - რატომ? აგვეტუზა; 

საკითხავია?! ვისი ხვედრი უფრო სახარბიელოა სიკვდილმისჯილის, რომელმაც უკვე იცის, რომ ხვალ გილიოტინაზე თავს მოკვეთენ, თუ ყველა სხვა დანარჩენის? ყველა, სხვა დანარჩენი, “ჩვეულებრივი” ადამიანის, რომლებმაც არასდროს იციან როდის და რა ვითარებაში აღსრულდება მათი სასიკვდილო განაჩენი. აი, კიდევ ერთი თემა - ფიქრისა და განსჯისათვის; 

არსად, არცერთ სამყაროში, არ მოიძებნება ადგილი ან წერტილი, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა ღმერთის ”ზურგს” უკან დგომა, ან მისი მზერის მიღმა დარჩენა; 

/მ.შ./

15 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes