ნდობა ფსონივითაა...
52, Tbilisi, Грузија

ნდობა ფსონივითაა, დადებ და უფრო ხშირად წააგებ, ვიდრე მოიგებ.
ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც წესით გრძნობაზე უნდა იყოს დამყარებული, ერთ დიდ «რულეტკას» ჰგავს. დგახარ დიდ, მწვანემაუდგადაფარებულ მაგიდასთან, უამრავი ადამიანებით გარშემორტყმული, და აკეთებ შენს სვლას.
აჰა, ფსონი მიღებულია. დგახარ და სუნთქვაშეკრული უყურებ, როგორ ტრიალებს და ხტუნავს პატარა ბურთულა, შენი ბედი რომ უნდა გადაწყვიტოს წამებში. როგორც წესი, იშვიათად ხდება, რომ იქ გაჩერდეს, სადაც შენ გაწყობს. ხოდა მერე გამოდიხარ გატყავებულ-დათრგუნული და იფიცებ, რომ მეტად აღარასდროს იზამ ამას და რომ ჭკუას ისწავლი. ასეც იქცევი, მაგრამ, დრო რომ გადის, კიდევ შეგიჩნდება მოუსვენრობის და სიახლის ძიების ჭია და კიდევ შედიხარ ახალი ფსონის გასაკეთებლად…
რაც მეტად ვფიქრობ ადამიანებზე და ურთიერთობებზე, მით მეტად ვრწმუნდები, რომ აქ ადგილი არ აქვს რამე ადამიანურს, თუ იმ კუთხით შევხედავთ, რომ ადამიანი სამყაროს გვირგვინია და სრულყოფილი თავის გრძნობებსა და ქმედებებში. აქ მხოლოდ ერთი დიდი ეგო მეფობს და ყველაფერს ის წარმართავს. აბსოლუტურად ყველა სახის ურთიერთობა სწორედ ამაზეა დამყრებული. თუ არა და ნახეთ აბა?
დავიწყოთ ოჯახიდან: მშობლებს უნდათ შვილები საკუთარი ამბიციების გასამართლებლად, იდეაში უზრუნველი სიბერის შ ესაქმნელად, შვილებს უნდათ მშობლები მუდმივ ერთგულ მსახურებად(და არა მრჩევლებად), დამფინანსებლებად და სხვების ჯავრის ამოსაყრელ ობიექტებად. მეგობარს უნდიხარ საკუთარი დარდების გასაზიარებლად(ნუ ჯანი გავარდეს, სანაცვლოდ შენსასაც მოისმენს, თუ მოკლედ და იშვიათად ეტყვი), თავისუფალი დროის დასაკავებლად(თუ სხვა ალტერნეტივა არ გამოუჩნდა) ან საკუთარი პრობლემის მოსაგვარებლად. ოღონდ კარგი იქნება და ნამდვილი მეგობრობა შედგება და იქნება ხანგრძლივი, თუ იმას, რომ ხვდები ამას, არ შეიმჩნევ და მშვიდად მიიღებ ყველაფერს. ნუ თუ შენ დაგჭირდება რამე მსგავსი, კარგად უნდა დაფიქრდე, ხომ არ შეაწუხებ შენი პრობლემით და თუ ეტყვი, ისიც უნდა იცოდე, რომ ეს მხოლოდ «გაზიარებული დარდი განახევრებულიას» პრინციპია და მეტს არაფერს უნდა ელოდე.
სიკვდილი რომ სიკვდილია, ისიც ეგოიზმთან მიდის. როცა გიკვდება ვინმე, იმას კი არ დასტირი, ვინც მოკვდა, შენს თავს, რომ მოგაკლდება ეს ადამიანი და ეს ცუდია შენთვის.
კაცთან ურთიერთობაზე ხო საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. ეს მთლიანად ეგოთია გაჯერებული და სხვას აქ უკვე ადგილი აღარ აქვს. განსხვავება იმაშია , ვინ რა სახით ავლენს ამ ეგოიზმს.
მოკლედ არ ვიცი, საერთოდ შესაძლებელია იურთიერთო ამ ღვთის შვილებთან და არ გადაიქცე მიზანთროპად? ნუ მანიაკად მაინც. ერთადერთი, რამაც შეიძლება გადაგარჩინოს, ისაა, არ დაივიწყო, რომ არავინაა შენთვის და არც არავის იმედი უნდა გქონდეს, არც ელოდე, რომ ეგებ და ვინმეს გაუჩნდეს სურვილი და იფიქროს შენზე(ჯერ შენზე და მერე საკუთარ თავზე), დაიჯერო, ბოლოს და ბოლოს, რომ ხარ მარტო და მცდელობაც არ გქონდეს ამის შეცვლის.
მე აღარ შევალ ფსონების გასაკეთებლად, რადგან მომბეზრდა წაგება.



არ ვიყავი მართალი, როგორც აღმოჩნდა, ნდობა ფსონების დადებაზე უარესი ყოფილა, რადგან იქ მცირე ალბათობა მაინცაა მოგების, აქ კი თავიდანვე გარანტირებულია მარცხი და გულისტკენა.

მოკლედ შევეშვი აზარტულ თამაშებს.

92 views
 
Коментари
natomari 05.05.2014

ნდობა არის ის გრძნობა, როდესაც მაშინაც კი უჯერებენ ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა..

elzaaa80 06.05.2014

ნდობა ფსონების დადებაზე უარესი ყოფილა, რადგან იქ მცირე ალბათობა მაინცაა მოგების, აქ კი თავიდანვე გარანტირებულია მარცხი და გულისტკენა.

Blog
Blogs are being updated every 5 minutes